პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება
პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინრეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განაცხადებების მიღება დღეიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 20 მარტს დაიწყება.

„ეს არის შრომის ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნადი პროფესიების მოკლევადიანი – საშუალოდ სამთვიანი გადამზადების კურსი. ათიდან შვიდი ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში ერთვება, საქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სამშენებლო-საინჟინრო სექტორი, რაც ტრადიციულად მოთხოვნადია, პროგრამაში ფართოდ არის წარმოდგენილი. გაძლიერდა და დაემატა IT მიმართულება, რასაც, ვფიქრობ, დიდი გამოხმაურება ექნება. სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი ტრადიციული სექტორებია ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისთვის. წარმოება, მომსახურება, საფინანსო, სატრანსპორტო სექტორი, ჯანდაცვა და ვეტერინარია ასევე ძალიან აქტუალური სექტორებია ამ ბოლო დროს. ჯამში, დღეისთვის 50-მდე შეთავაზება არსებობს. არანაირი მოთხოვნა არ არის, გარდა იმისა, რომ იყოთ 18 წლის და რეგისტრირებული დედაქალაქში. არანაირი კონკურსი და გადარჩევა არ ხდება. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და თქვენთვის მისაღებ სპეციალობაზე დარეგისტრირდეთ“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიამ პროგრამის პარტნიორებს – ბიზნესსექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე პროგრამა ვერ განხორციელდებოდა.

„აღნიშნული პროგრამა ვერ განხორციელდებოდა ჩვენი პარტნიორების გარეშე. ესენია დედაქალაქში არსებული პროფესიული სასწავლებლები -„სპექტრი“, „იკაროსი“, „მერმისი“ და გლდანის სასწავლო ცენტრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. აღნიშნული მოდულები სწორედ მათთან ერთად შევიმუშავეთ. წელს უკვე გვემატება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გადამზადებას ძალიან აქტუალური, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, გვემატება „სქილვილ აკადემია“, რომელიც IT მიმართულებას გააძლიერებს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

„ჯამში, 110-ზე მეტ კომპანიაში დასაქმდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა გაიარეს. არანაირი წინასწარი უნარ-ჩვევა არ სჭირდება ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ერთვება. სამ თვეში მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა, ამ მიმართულებით რესურსს აუცილებლად გავზრდით. აქტიურად ვმუშაობთ სპეციალობების რიცხვის გაზრდისა და ახალი პარტნიორების დამატებაზეც“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ანდრია ბასილაიას თქმით, პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე 6 500 ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 70 პროცენტი დასაქმდა. 2023-2025 წლებში პროგრამაში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.