სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
მათვე ცნობით, რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ამოქმედდება 2023 წლის პირველი იანვრიდან.
შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ახალი რეგულაციების მიხედვით, სამუშაო სივრცეში საფრთხის არსებობის შემთხვევაში, განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი მანიშნებელი ნიშნები. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია.
„ახალი რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს:
✓ ამკრძალავი ნიშნები – საფრთხის გამომწვევი მოქმედების აკრძალვისთვის
✓ გამაფრთხილებელი ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთათვის საშიშროების ან საფრთხის მისათითებლად
✓ სავალდებულო ნიშნები – დასაქმებულთა და მესამე პირთა მიერ კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად
✓ საინფორმაციო ნიშნები – დამატებითი ან განსხვავებული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ აბრა, ფირნიში, გეომეტრიული ფორმის, ფერისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაცია გამოიყენება – დასაქმებულის და მესამე პირისათვის კონკრეტული მაფრთხილებელი ან საფრთხისშემცველი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ მანათობელი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს – დღე-ღამის ბნელ დროს ან გაუნათებელ ადგილებში კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ პერიოდულობით გამოსაყენებელი და კომბინირებული ნიშნები კი, დროის გარკვეულ პერიოდში დასაქმებულის ან მესამე პირისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად
✓ სამუშაო სივრცე ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.
წითელი ფერით აღინიშნება ამკრძალავი, საფრთხის ან განგაშის მანიშნებელი ნიშნები.
ლურჯი ფერით – სავალდებულო ნიშნები, როგორიც არის სპეციფიკური ქცევა ან ქმედება; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა.
ყვითლით ან ნარინჯისფერით, მაფრთხილებელი, სავალდებულო ნიშნები, ხოლო მწვანე ფერით, საევაკუაციო გასასვლელებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშნები.
დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში.