სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას და ინფრასტრუქტურის ადაპტირებას
სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას და ინფრასტრუქტურის ადაპტირებას

სახელმწიფო ხელს შეუწყობს შშმ პირთა დასაქმებას, ასევე ინფრასტრუქტურის ადაპტირებას შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით,- ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა.

„დაცული იქნება შშმ პირთა უფლებები გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შშმ პირთა სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მთავრობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის გზით.

ჩვენი საზოგადოების წევრი შშმ პირების მონაწილეობით უკვე მომზადებულია ახალი კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელსაც ისინი მრავალი წელი ელოდნენ და რომლითაც მოხდება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ სრულფასოვანი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. ამით შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთა უფლებების რეალიზება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში შშმ პირთა სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების მისაწვდომობა,“ – ნათქვამია პროგრამაში.