სამშენებლო მასალების სახელმწიფო კონტროლის ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ცემენტისა და ელექტროკაბელების ამოღების სამი შემთხვევა დაფიქსირდა
სამშენებლო მასალების სახელმწიფო კონტროლის ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ცემენტისა და ელექტროკაბელების ამოღების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ამოქმედებიდან, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცემენტსა და ელექტროკაბელებს ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან, 2019 წლის 15 იანვრიდან დღემდე, ადგილობრივ ბაზარზე 52 კომპანიის 62 პროდუქტი შემოწმდა. აქედან, 49 კომპანიის 59 პროდუქტზე მითითებულ ვადაში გამოსწორდა შეუსაბამობები, რაც დოკუმენტებს ეხება. სამი კომპანიის სამი სახეობის პროდუქტზე კი (ორი – ელექტროკაბელები, ერთი – ცემენტი) შეუსაბამობები ვერ გამოსწორდა და მათ დაეკისრათ რეალიზაციის შეჩერება.

ამჟამად რეგულაცია მოქმედებს ოთხი სახის პროდუქციაზე: ცემენტზე, არმატურაზე, ელექტროსადენებსა და პლასტმასის მილებზე.

რეგლამენტის თანახმად, რეალიზატორი ვალდებულია, წარმოადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტი. მასალის ხარისხის მიმართ ეჭვის გაჩენისა ან შეტყობინების შემთხვევაში კი, სააგენტო ნიმუშებს რეალიზაციის ობიექტიდან აიღებს და ლაბორატორიაში გაგზავნის. შემოწმებისას ყურადღება ექცევა პროდუქტის ხარისხს და ქიმიურ მახასიათებლებს. ასევე ეტიკეტზე უნდა იყოს დატანებული ევროკავშირის ნიშანი. დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესსუბიექტს გამოსასწორებლად გონივრული ვადა ეძლევა და რეალიზაცია უჩერდება, ხოლო საფრთხის შემცველი პროდუქტის გამოვლენისას მისი სრულად ამოღებისა და განადგურების ვალდებულება დაეკისრება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში უკვე ფინანსური სანქციები ამოქმედდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის სრული დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან 2022 წლის ბოლომდე იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ რეგულირების ქვეშ მოექცევა სხვა სამშენებლო პროდუქტებიც, თუმცა რომელი, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მიიღება რისკის ანალიზის საფუძველზე.

„აღნიშნული რისკის ანალიზი დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე და გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.