გარკვეული სამშენებლო მასალების ბაზარზე განთავსების ახალი პირობები დღეიდან ამოქმედდება
გარკვეული სამშენებლო მასალების ბაზარზე განთავსების ახალი პირობები დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან სამშენებლო მასალების ნაწილის სახელმწიფო ზედამხედველობასა და მათ იმპორტზე ახალი საბაჟო პროცედურები შედის ძალაში.

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების თანახმად, საუბარია ცემენტზე, ელექტროკაბელებზე, არმატურასა და პლასტმასის მილებზე.

რეგულაციებს არ დაექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მათ შესაბამისი სტანდარტები განსაზღვრავს.

რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის), საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის ექვსი სამუშაო დღის ვადას.

განსაზღვრულ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, გააჩეროს სამშენებლო პროდუქტი, ხოლო თუ დასახელებულ ვადაში დადგინდება, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. იმპორტიორი კი ვალდებულია, უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება.

რაც შეეხება ბაზარზე ზედამხედველობას, ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ის ხორციელდება ორი სახით: ბაზარზე ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად და არაგეგმურად, პროდუქტთან დაკავშირებული რისკის ან/და საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაციის ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, განსაზღვრულია პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება