ბექა ნაცვლიშვილი - ჩვენ ჯერ უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტი, ამისთვის გვჭირდება მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები ჩვენი ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის
ჩვენ ჯერ უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტი და ამისთვის გვჭირდება მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობები ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, – ამის შესახებ პოლიტეკონომისტმა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რეგულაცია, რომელიც ევროკავშირს აქვს მიღებული, არის 633-ე დირექტივა და ევროკავშირი თავის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს ამის მიღებას. ეს სასარგებლოა და აუცილებლად უნდა მივიღოთ, რომ ჩვენს მეწარმეებს და ფერმერებს ხელი შევუწყოთ, თორემ სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება მათი განვითარება, რომ გაეხსნათ ბაზარი და, მათ შორის, მარკეტის ქსელებზე წვდომა“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისი თმით, როცა საუბარია პროდუქტების გაიაფებაზე, როგორ გაიაფდება პროდუქტი, თუ ჩვენ რაღაც არასწორ, ან უსამართლო პრაქტიკას არ ავკრძალავთ, სუპერმარკეტში შესვლის გადასახადს და ასე შემდეგ. ეს თვითონაც ამცირებს ფასს, მაგრამ ესეც რომ ავკრძალოთ, მეწარმე თვლის იმ რისკებს, რომელიც ამ გადასახადებთან არის დაკავშირებული, რადგან ეს გადასახადი სუპერმარკეტისგან არსებობს და აქედან გამომდინარე, მეწარმე ამ რისკებს აზღვევს შესაბამისად გაზრდილი ფასით.
„ანუ, ვთქვათ, სამართლიანი ვაჭრობის წესები რომ იყოს, მე შემიძლია, 12 ლარად გავყიდო რაღაც, მაგრამ ახლა შემაქვს 15 ლარად“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, არის ისეთი პარაზიტული გადასახადები, რომელიც თუ მოიხსნება, ცხადია, ეს ფასების რაღაც შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ფასების შემცირებას გამოიწვევს აგრეთვე ის, რომ მეწარმე რისკებში უკვე აღარ გაითვალისწინებს იმ სუპერმარკეტის წნეხს და, შესაბამისად, ფასს დაწევს გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტული იყოს.
პოლიტეკონომისტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობა სადაც არის, სუპერმარკეტები იქ არიან კონცენტრირებული.
„მე რომ მეწარმე ვარ და რაღაცას ვაწარმოებ, მინდა, მივიტანო პროდუქტი იქ, სადაც უფრო ბევრი ადამიანი შედის, რადგან ალბათობა იმისა, რომ ჩემი პროდუქტი გაიყიდოს, უფრო დიდია. კონკურენციაზე როცა ვსაუბრობთ, სუპერმარკეტები გაყიდვაში კონკურენციაში კი არ არიან ერთმანეთთან შესული, ისინი არიან შესული ერთმანეთთან ბაზრის წილის დაკავების კონკურენციაში. აბა, რატომ არის ყოველთვის საყვედური იმაზე, რომ არ გვიხდიან ფულს დროულად? ვთქვათ, მე ვარ მეწარმე და სუპერმარკეტმა რაღაც გამიყიდა, იმ ორი თვის განმავლობაში მარტო ჩემი ფული ხომ არ უკავია? უკავია უამრავი სხვა მეწარმის ან სხვა იმპორტიორის ფული და ხსნის ახალ ფილიალს, ხოლო ახალ ფილიალს რომ ხსნის, უფრო ზრდის ბაზრის თავის წილს და, შესაბამისად, ზრდის თავის მოლაპარაკების პოზიციას. მერე უფრო ძლიერი ხდება და, შესაბამისად, მერე უფრო ვეღარ დაელაპარაკები ისე გამართულად. ამაშია საქმე. აქ სუპერმარკეტების ძაგებაზე კი არ არის საუბარი, რაღაც ისე გამოგვდის, რომ გადავემტერეთ ამ სუპერმარკეტებს, მაგრამ ჩვეულებრივად კაპიტალიზმია, ბოროტებაა, იდეაში, კაპიტალიზმი ზოგადად ბოროტებაა, ადამიანის ყველაზე მანკიერ მხარეს ავლენ ამ სისტემაში, მაგრამ თავი დავანებოთ ამას, რადგან ამ სისტემაში ვცხოვრობთ და ვთქვათ ის, რომ ეს რეგულაციები ამცირებს იმ ზარალს, რაც კაპიტალიზმმა, შეიძლება, ადამიანს მოუტანოს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს რეგულაციები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.