ნინო თანდილაშვილი - ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც ნიშნავს ჰაერის მეტად დაბინძურებას, ამ გამოწვევას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები
ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს მეტი მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, უნდა ვთქვათ, რომ შეზღუდვები საჭიროა“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ“, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით.