სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებს მენაშენეებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებს მენაშენეებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებს მენაშენეებმა ბრიფინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მათი განმარტებით, კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და 4 000-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

კომპანიის წარმომადგენლები კი, აპელირებენ თბილისის მერიის ერთ-ერთ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ გარკვეული ხარვეზები დაუდგინდათ და მშენებლობას ვეღარ აგრძელებენ. მათივე თქმით, ამ ნორმის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ.

მენაშენეები კომპანიის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემასა და მშენებლობის სხვა კომპანიისათვის გადაცემას ითხოვენ.

პრესკონფერენციაზე კომპანიას საკუთარი განცხადება უნდა გაევრცელებინა, რომლის თანახმადაც, „სვეტი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საპროცესო ყადაღის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. კომპანია მოუწოდებს ყველა დეველოპერს, შეურთდნენ მათ ინიციატივას.

„ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებს, რომლის შედეგია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება- განვითარება და ასეულ ათასობით ადამიანისათვის ახალი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა; მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტების მომზადება-განხორციელების დროს ძალიან რთული ადმინისტრაციული პროცედურებია გასავლელი, დეველოპერული კომპანიები ახერხებენ იმას, რომ მშენებლობის შეუფერხებლად გადალახონ მრავალკომპონენტიანი ბიუროკრატიული დერეფნები, თუმცა ლეგიტიმურად განხორციელებული ყოველი მუნიციპალურ ორგანოთა ფორმირების შემდეგ, გზადაგზა იცვლება დამოკიდებულება სამშენებლო ბაზარზე დასაქმებულ დეველოპერულ კომპანიებთან მიმართებაში; ამის მაგალითია 2017 წლის 20 ნოემბრის მთავრობის #498 დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2016 წლის 28 იანვრის #41-ე დადგენილებაში; ამ ცვლილების შედეგად, აღმოჩნდა, რომ 2016 წლის 28 იანვრის #41-ე დადგენილებას მიეცა უკუქცევითი მოქმედების ძალა და გავრცელდა ყველა იმ ობიექტზე, რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (2017 წლის 16 ნოემბრამდე) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება;

დასახელებული ცვლილება მომაკვდინებელია ყველა დეველოპერული კომპანიისათვის, რომლებსაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე აღებული აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტი, მესაკუთრეებისგან გამოსყიდული აქვთ მიწის ნაკვეთები, მიმართული აქვს არქიტექტურული პროექტის მომზადება-შექმნისთვის და შესაბამისად სამშენებლო ნებართვებისთვის, ვინაიდან ყველა კომპანია არა მარტო სერიოზული ფინანსური ზარალის წინაშეა, არამედ მენაშენეებთან ერღვევათ აღებული ვალდებულებები და ნებსით თუ უნებლიეთ, სამშენებლო კომპანიები „თაღლითური“ თუ „მაქინაციური“ ბრალდების წინაშე დგანან და ამით სარგებლობენ საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც ობიექტურად განაწყენებული მენაშენის განცხადების საფუძველზე იწყებს გამოძიებას და ყადაღას ადებს დეველოპერული კომპანიის ქონებას; ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა სამშენებლო კომპანიებისთვის არის ქონებაზე ყადაღის დადება, ვინაიდან ყადაღა კრძალავს ბინების გაყიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მენაშენეებთან დადებული ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ შესრულდება და პრაქტიკულად დეველოპერული კომპანია გაკოტრებულია;

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ედა 30-ე მუხლებით დაცულია იურიდიული პირების საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისათვის ხელშეწყობა გარანტირებულია, ფაქტობრივად მთავრობის დასახელებული დადგენილება და საპროცესო ყადაღა, წარმოადგენენ ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან უხეშად ჩარევისა და საკუთრების უფლების შემზღუდავ ნორმატიულ გარემოებებს, რომლებიც თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფუნქციებს ასრულებენ; დეველოპერული კომპანია „სვეტი“ დარწმუნებულია იმაში, რომ დასახელებული ვითარება საერთო-სახელმწიფოებრივ პრობლემას წარმოადგენს ყველა დეველოპერისთვის, რომლებიც ასევე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან იმ მენაშენეებს, რომლებსაც წინასწარ აქვთ ფული შეტანილი საცხოვრებელი ბინის შესყიდვისთვის;

აქედან გამომდინარე, შპს „სვეტმა“ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვს მთავრობის დასახელებული ცვლილებების და საპროცესო ყადაღის ანტიკონსტიტუციურად ცნობას, მაგრამ ამავე დროს, მოუწოდებს ყველა დეველოპერს და პრობლემით შეწუხებულ ან დაინტერსებულ ბინათმენაშენეებს, რათა შემოურთდნენ შპს „სვეტის“ ინიციატივას და სოლიდარულად იქნეს გადავწყვეტილი ამ სფეროში შექმნილი პრობლემები“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.