სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ „ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის საიუბილეო ღონისძიებას აპროტესტებს
სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ „ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის საიუბილეო ღონისძიებას აპროტესტებს

„ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის საიუბილეო ღონისძიების გასაპროტესტებლად სამოქალაქო მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ღონისძიება „კოკა-კოლას“ ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის პროპაგანდას ეწევა, რაც, მისი თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.

ამასთან, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, პროტესტს მშვიდობიანი ფორმა აქვს.

„ჩვენი პროტესტი ყოველთვის იქნება განსხვავებული იმ მეთოდებისგან, რასაც ისინი მიმართავენ. ყოველთვის დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას მკაფიოდ, რომ ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება რევოლუციური სცენარები, ვერ გამოიყენებენ ჩვენს ახალგაზრდებს, ვის იდეოლოგიურ მოწამვლასაც ისინი ცდილობენ. გავაპროტესტებთ ამ კოლაბორაციას, რომელიც შედგა, ერთის მხრივ „მაკდონალდსა“ და „ფრანკლინის კლუბს“ შორის იმ ფონზე, როდესაც „მაკდონალდსმა“ წინა კვირას უკადრებელი იკადრა, სცადა ჩვენს ბავშვებზე ლგბტ პროპაგანდის თავს მოხვევა. ამაზე გვქონდა რეაცქია. ჩვენ ვემორჩილებით სამართალდამცავების მოთხოვნებსა და მითითებებს. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი“,- განაცხადა შაქარიშვილმა.

„ფრანკლინის კლუბის“ ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებით წარდგებიან საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტიების – „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. ღონისძიების მონაწილეების თქმით, სამოქალაქო მოძრაობის მიერ გამართულ აქციას პოლიტიკური მოტივი აქვს და ხელისუფლების მიერ არის მართული.