ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებს გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებს გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს

„ფრანკლინის კლუბში“ რაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას, მის მიმართ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიციიის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან, მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა, გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვს დესტრუქციულ ოპოზიციას. მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ინტერესების სადარაჯოზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ, მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

მინდა, გესაუბროთ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივობას. „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ფრანკლინის კლუბი“. საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან? რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების. უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის ამ კლუბის მონაწილე. ეს არ არის „ფრანკლინის კლუბი“, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები. 1 000-ზე მეტი ანარქისტი, მონაწილე ესწრებოდა 7-8 მარტის ცნობილ მოვლენებს, აქციებს. მათ კონკრეტული ინსტრუქციები ჰქონდათ მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან. მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა, თითქოს ეს არის ინტელექტუალური კლუბი და აქ ახალგაზრდებს ასწავლიან დემოკრატიულ ღირებულებებს.

მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ კლუბის, ეგრეთ წოდებული ამ ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა, გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს ახალგაზრდა ჯანსაღ თაობას გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ყურადღებით მუშაობენ „მეხუთე კოლონის“ წევრთა გამოვლენაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.