სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, გამოშვებულია 2018 წელს
ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოების იყო.
სამოქალქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი.
„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს.
ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანიას „ავიატორი +“ (აჭარა ჯგუფი)“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მოკვლევის მიზნით ადგილზე უკვე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი დავით გიუნაშვილი.
დღეს დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.