სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები - 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს.
მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია, 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში, ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.
2022 წელს საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების – 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.
პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს ქვეყანას 9 ახალი ავიამიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines-ი, Flyone Armenia, Varesh Airlines-ი, Flyadeal-ი, Armenia Airways-ი, Pars Air-ი, Southwind Airlines-ი, Air Moldova, Thai Air Asia X-ი და FlyArna).
2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით, პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი); 2. Turkish Airlines-ი – 12% (546 895 მგზავრი); 3. Pegasus-ი – 9% (408 780 მგზავრი); 4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი); 5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი); 6. Azerbaijan Airlines-ი – 5% (209 415 მგზავრი); 7. Israir-ი – 4% (197 109 მგზავრი); 8. Flynas-ი – 4% (162 462 მგზავრი); 9. Georgian Airways-ი – 3% (148 612 მგზავრი); 10. Fly Arystan-ი – 3% (138 939 მგზავრი)“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.