სამხრეთ კორეა და ჩინეთი დაბინძურებული ჰაერის გასაწმენდად ხელოვნურ წვიმას შექმნიან
ჰაერის დაბინძურება ყველგან ერთნაირად მძიმე პრობლემაა, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ნაწილში ცხოვრობთ. თუმცა, ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. გამომდინარე აქედან, ქალაქის თავზე არსებული სმოგის შესასუსტებლად ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს დგამს.
ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჩჟე ინის ახალი გეგმა ითვალისწინებს ხელოვნურ წვიმას, რომელმაც ქალაქის თავზე დაბინძურებული ჰაერი უნდა გაასუფთაოს. ასეთი სტრატეგია აქამდეც არსებობდა, მაგრამ დღემდე არ არსებობს მისი ეფექტიანობის სოლიდური მტკიცებულებები.
ამ იდეას ღრუბლების დათესვას უწოდებენ — იმ განზრახვით, რომ წარმოიქმნას წყლის წვეთები, ჰაერში უშვებენ სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, ძირითადად თვითმფრინავებით. წარმოქმნილი წვიმა იჭერს დამაბინძურებელი აეროზოლის ნაწილაკებს, შემდეგ კი მიწაზე ჩამოაქვს.
ჯერჯერობით, ეს მხოლოდ თეორიაა. ღრუბლების დათესვის ეფექტიანობის წინა ექსპერიმენტები არადამაჯერებელია. წარუმატებელი აღმოჩნდა იანვარში თავად სამხრეთ კორეის მიერ გაღებული ძალისხმევაც.
სხვათა შორის, ეს მეთოდი გამოიყენა ჩინეთმაც, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ოღონდ კარგი ამინდის მისაღებად, ასევე წყლის დეფიციტის მოსაგვარებლად. თუმცა, ნალექების ხელოვნურად წარმოსაქმნელად საჭიროა სპეციფიკური ტიპის ღრუბლები.
გარდა ღრუბლების დათესვისა, ასევე აქტიური დებატები მიმდინარეობს დაბინძურებული ჰაერის წყლით გაწმენდის გრძელვადიან ეფექტიანობასთან დაკავშირებით. წვიმას შეუძლია ჰაერი გააასუფთაოს დაბინძურებული ნაწილაკებისგან, მაგრამ მეცნიერები დღემდე იკვლევენ, რამდენად მასშტაბური და ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს ქმედება.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეა ამ გეგმის განხორციელებას მაინც აპირებს. პროექტი ითვალისწინებს ჩინეთთან თანამშრომლობასაც, რადგან სამხრეთ კორეის თავზე, ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნაწილაკები სწორედ ჩინეთიდან მიდის.
სავარაუდოდ, ხელოვნურ წვიმას წარმოქმნიან კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ყვითელი ზღვის თავზე.
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ რეგიონში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს მიაღწია. „ასოშეითედ პრესის“ მიხედვით, სეულში მტვრის კონცენტრაციის დონემ კუბურ მეტრში 136 მიკროგრამი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის გარემოს კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დასკვნით, 75 მიკროგრამი კუბურ მეტრზე უკვე „ძალიან ცუდ“ შედეგად მიიჩნევა.
გარდა ამისა, უფრო მკაცრია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, 2,5 მიკრომეტრზე (PM 2.5) ნაკლები დიამეტრის ნაწილაკების დონე ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 25 მიკროგრამს. შესაბამისად, პრობლემის სიმკაცრე უფრო თვალნათელია.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ასევე გეგმავს ქვანახშირზე მომუშავე ძველი ქარხნების დახურვას და სკოლებში უფრო მეტი ჰაერის გამწმენდების დაყენებას.
მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ხელოვნური წვიმა ეფექტიანი დაბინძურებული ჰაერის გასასუფთავებლად, ერთი რამ თვალნათელია — სასწრაფოდ საჭიროა გარკვეული ქმედებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შარშანდელი მოხსენების მიხედვით, მსოფლიოში 15-წლამდე ბავშვების 90 პროცენტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.
მომზადებულია ScienceAlert-ისა და Associated Press-ის მიხედვით.