სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მახონჯუას მთებში გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქანები. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შესანიშნავ ლანდშაფტში ყველაფერი დედამიწისეული წარმოშობის როდია. მეცნიერთა განცხადებით, აღმოჩენილია არამიწიერი ორგანული ნივთიერების კვალი, რომელიც 3,3 მილიარდი წლის წინ არის ჩამარხული ვულკანურ დანალექებში.
ასტრობიოლოგ ფრანს ვესტოლის განცხადებით, ეს გახლავთ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა დედამიწის ქანებში არამიწიერი წარმოშობის ნახშირბადი ვიპოვეთ.
მილიარდობით წლის განმავლობაში, დედამიწაზე გამუდმებით ცვიოდა მეტეორიტები, რომლებიც პლანეტის ზედაპირს გამუდმებით ცვლიდა. რა ნივთიერებები მოჰქონდა დედამიწაზე ამ კოსმოსურ ნამსხვრევებს? — ძალიან ბევრი.
ბევრი მეცნიერის აზრით, სიცოცხლისათვის გადამწყვეტი ბევრი სამშენებლო ბლოკი ჩვენს პლანეტაზე კოსმოსში მოფარფატე მოლეკულების სახით მოვიდა. სამხრეთ აფრიკაში გაკეთებული ახალი აღმოჩენა ამ მოსაზრებას კიდევ უფრო სერიოზულ წონას მატებს.
მახონჯუას მთებში, ვულკანური დანალექების ერთ-ერთ რეგიონში, რომელსაც ჯოსეფსდალ-ჩერტს უწოდებენ, ვესტოლმა და მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მმ სისქის ქანების ფენა; ეს ფენა ორი „ანომალიური“ სიგნალით ხასიათდებოდა.
ელექტრონული პარამაგნეტური რეზონანსის (EPR) სპექტროსკოპის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 3,3 მილიარდი წლის ქანები შეიცავს ორი ტიპის უხსნად ორგანულ ნივთიერებას. ორივე მათგანი მათ არამიწიერ წარმოშობაზე მიუთითებს.
EPR-ის ერთ-ერთი სიგნალი ძალიან ჰგავდა სიგნალს, რომელიც მეცნიერებს წარსულში ნანახი ჰქონდათ კარბონატულ ქონდრიტებში — ორგანული ნაერთების შემცველ უძველეს მეტეორიტებში.
მეორე ანომალიური სიგნალი ნიკელის, ქრომისა და რკინის ნანონაწილაკებზე მიუთითებდა, რაც საკმაოდ უჩვეულოა დედამიწის ქანების ფორმაციებისთვის. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ ქანების ეს თხელი ფენა სადღაც გაცილებით შორიდან არის მოსული.
კვლევის ავტორის, ქიმიის ინჟინერ დიდიე გურიეს განცხადებით, ნიკელით მდიდარი ქრომის შპინელს (მინერალი) ხშირად „კოსმოსურ შპინელსაც“ უწოდებენ და იგი წარმოიქმნება დედამიწის ატმოსფეროში არამიწიერი ობიექტის შემოსვლის დროს.
მკვლევართა ჯგუფმა ჯერჯერობით არი იცის, როგორ მოხვდა ისტორიის ერთი და იგივე მონაკვეთის ამ დანალექებში ორი განსხვავებული და ერთმანეთის საპირისპირო EPR სიგნალი.
მეცნიერთა აზრით, მიკრომეტეორიტთა წვიმა ატმოსფეროში შეიძლება შერეოდა ვულკანური ფერფლის ღრუბლებს და მას შემდეგ, რაც ამ რუბლების ნივთიერებები დედამიწის ზედაპირზე დაეშვა, თან ჩამოჰყვა არამიწიერი ნახშირბადიც.
ვესტოლის განცხადებით, ნახშირბადით მდიდარ მეტეორიტთა ორგანული ნივთიერებები დედამიწაზე წვიმასავით უნდა წამოსულიყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით.
რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი ჰიპოთეტურ დონეზე რჩება, თუმცა აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია არამიწიერ ორგანულ ნივთიერებათა კვლევისათვის.
კვლევა ჟურნალ Geochimica et Cosmochimica Acta-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.