ის, რაც ერთ დროს იოჰანესბურგის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულ უბრალო ქვის ქოხებად მიიჩნეოდა, აყვავებული ქალაქის ნაშთები აღმოჩნდა, რომელიც ისტორიაში 200 წლის წინ ჩაიკარგა.
გაუვალი მცენარეულობის ქვეშ შეუიარაღებელი თვალით ბევრს ვერაფერს დაინახავთ. 30-წლიანი გულმოდგინე კვლევის შემდეგ, სამხრეთ აფრიკელმა არქეოლოგებმა ძლივს შეძლეს ამ დიდი ხნის წინ დაკარგული დასახლების ზედაპირის აღდგენა.
LIDAR-ის სახელით ცნობილი მოწინავე ლაზერული ტექნოლოგიის წყალობით, გაირკვა, რა იყო სინამდვილეში ეს ადგილი — ნამდვილი მეტროპოლია, რომელიც ასობით სახლისა და სავაჭრო ქსელებისგან შედგებოდა.
ქალაქს კვენენგი ერქვა. სახლობდა ტსვანას ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფი. მეცნიერთა აზრით, კვენენგის 800 კარმიდამოში 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ფერნ იმბალი სიშვანჰას განცხადებით, ამ აღმოჩენით ივსება უზარმაზარი ისტორიული ნაპრალი, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკისთვის, რადგან კოლონიზაციამდელი აფრიკის შესახებ ისტორიული ჩანაწერები არ არსებობს. თუმცა, LIDAR-ის ტექნოლოგიის წყალობით, ამ ნაპრალის ამოვსება დაიწყო.
ეს გახლავთ იგივე ტექნოლოგია, რომლითაც შარშან მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის უძველეს მეგაპოლისს მიაგნეს.
მას შემდეგ, რაც იოჰანესბურგის სიახლოვეს, სუიკერბოსრანდის ბორცვების დასავლეთ კალთებზე ლაზერის მილიარდობით სინათლის პულსი გაუშვეს, მკვლევრებმა ვირტუალურად „გაიხედეს“ მცენარეულობისა და ყველა იმ დაბრკოლების მიღმა, რომელიც ამ ერთ დროს ფუსფუსა ქალაქს მალავდა.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ კვენინგის ფართობი დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი იყო და განვითარების პიკი XV-XIX საუკუნეებში ედგა. მკვლევართა აზრით, ზენიტში ის მდიდარი და აყვავებული ქალაქი იყო.
პარალელური ქვების რამდენიმე წყვილი მიუთითებს, რომ ქალაქში უამრავი კორიდორული გზა იყო, რომელთაგან ბევრი საქონლის გადასარეკად გამოიყენებოდა.
გარდა ამისა, კვენინგის შუაგულში შემორჩენილია ორი მასიური გალავნის ნაშთი, რომელთა შიგნით 10 000 კვადრატული მეტრი სივრცეა. არქეოლოგთა ვარაუდით, ეს უნდა ყოფილიყო კრაალი, ანუ საქონლის შესარეკი სივრცე, სადაც დაახლოებით ათასი სული პირუტყვი უნდა დატეულიყო.
ტსვანას სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, კვენინგის განადგურების მიზეზიც სამოქალაქო არეულობა უნდა გამხდარიყო.
გაუჩინარდნენ მისი მოქალაქეები, გაქრა ქვის კოშკები, კარმიდამოები, პირუტყვი, კეთილდღეობა. თუმცა, LIDAR-ის ლაზერების წყალობით, ისტორია კვლავ ცოცხლდება.
მომზადებულია africanews.com-ისა და ScienceAlert მიხედვით.