სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 1-ელი თებერვლიდან იწყება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1-ელი თებერვლიდან იწყება, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განისაზღვრა,
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1309-ით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 920-ით.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200-ით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა კი – 341-ით განისაზღვრა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
მთავრობის დადგენილება რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება დღეს 29 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.