სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა ახლებურად განისაზღვრება
სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა ახლებურად განისაზღვრება

სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა ახლებურად განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარით.

რაც შეეხება საბრძოლო დავალების შესრულების, სამშვიდობო ოპერაციაში ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, ასევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში 2013 წელს დაწესებულ 100 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას, მთავრობა განმარტავს, რომ ეს უცვლელი რჩება.

მთავრობის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო (მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე) პირებზე დაჭრა-დასახიჩრების და დაღუპვის შემთხვევაში გავრცელდება სამხედრო მოსამსახურის ანალოგიური სოციალური გარანტიები, რადგან მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება ხშირად უწევთ იმავე პირობებში და რისკის ქვეშ (სამხედრო წვრთნების, სამშვიდობო ოპერაციების, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს), როგორც სამხედრო მოსამსახურეებს.

პროექტის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, დაადგინოს როგორც სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური გარანტიები, ასევე სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე განსაზღვროს იმ პირთა სოციალური გარანტიები, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები.

„აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ან სამშვიდობო ოპერაციების დროს სამინისტროს ზოგიერთმა მოსამსახურემ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეები სახელმწიფოსთვის, მათ შორის თავდაცვის ძალებისთვის, წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს, შესაბამისად, მათ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოსათვის წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გატარებას და იღებს ვალდებულებას, განახორციელოს მათი ფიზიკური რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, ეს პირი კვლავ წარმოადგენს თუ არა სამინისტროს სისტემის თანამშრომელს. შესაბამისად, სოციალური გარანტია ასევე შეიძლება, დაუწესდეს პირს, რომელიც არ იქნება სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, მაგრამ დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეს მკურნალობის დროს, მათ შორის საზღვარგარეთ, შეიძლება, ახლდეს როგორც თანმხლები/მომვლელი პირი (მაგ. ოჯახის წევრი)“, – განმარტავს მთავრობა.