სამხარაულის ბიუროში აცხადებენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შენობისთვის ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებიათ
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შენობისთვის ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებიათ.
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი შენობის ავარიულობიდან გამომდინარე იხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბენეფიციარები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, რომლის თქმითაც, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ ამ კორპუსის ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი და უსაფრთხოების მიზნით, ცენტრის ბენეფიციარები სხვა შენობაში გადანაწილდებიან.