ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი - უსაფრთხოების მიზნით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარები სხვა შენობაში გადანაწილდებიან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი - უსაფრთხოების მიზნით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარები სხვა შენობაში გადანაწილდებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი ლაკირბაია აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარები სხვა სივრცეში გადანაწილდებიან.

მისივე თქმით, ილიას სახელობის უნივერსიტეტს 11 სასწავლო კორპუსი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთს პრობლემა შეექმნა.

როგორც ლაკირბაიამ აღნიშნა, ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადებში შეეცდებიან პრობლემის მოგვარებას.

„აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ კორპუსის ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი. ამიტომ მივიღეთ სასწრაფო ზომები, სწავლისა და კვლევის პროცესი გადანაწილდა ილიაუნის სხვა შენობებში. რაც შეეხება ბავშვის განვითარების ინსტიტუტს, მათ ბენეფიციარებსა და სპეციალისტებს, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ გადანაწილდნენ სხვა სივრცეებში.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტს სჭირდება სპეციფიკური სივრცეები. მაგალითად, სენსორული ოთახი, თერაპიის ოთახები. ამიტომ მათი გადანაწილება ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება. შესაბამისად, სხვადასხვა მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომ ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება. ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ აგვისტოში, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ გარკვევა, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი შენობის გამოყენება, ექსპლუატაცია. მაგალითად, დატვირთვის შემცირებით, ანუ ხალხის რაოდენობის შემცირებით შესაძლებელი იყო თუ არა მცირე სივრცეში ხალხის განთავსება. ვინაიდან ეს არ დასრულდა, დროში ძალიან შეზღუდული ვიყავით და სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს იწყება, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი, მათ შორის ბავშვთა განვითარების ცენტრის, სხვადასხვა სივრცეში გადავანაწილოთ. გარწმუნებთ, უმოკლეს ვადებში ვეცდებით, ეს პრობლემა მოვაგვაროთ ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლაკირბაიამ.