სამეგრელოში ქარმა ხეები წააქცია და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, აბონენტთა ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა
სამეგრელოში ქარმა ხეები წააქცია და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, აბონენტთა ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიის“ განმარტებით, ყველა პრობლემურ ადგილზე ჯგუფები უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

„რეგიონში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ოპერატიულად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს და აბონენტებს ელექტროერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ“, – განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ რეგიონულ ოფისში.

გარდა ამისა, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცაიშსა და ცაცხვში ქარმა კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ქარმა ხეები წააქცია და დაზიანდა ხიდ-ბოგირის ჯებირები.

ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, ცენტრალური გზის მაგისტრალზე წაქცეულმა ხემ მსუბუქი ავტომობილი დააზიანა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ამ დროისთვის საგზაო მოძრაობა აღდგენილია.