სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 216, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 216, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების მიზნით ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 195 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 72 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 35 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში მოთავსებულია 24 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 11 ინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 216 ინფიცირებული. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 93 პირი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული, 73 წლის აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, რომელიც ქუთაისის რეგიონულ ცენტრში მკურნალობდა.