სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.
მისი თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 358 ადამიანი რჩება.
რეგიონიდან კარანტინში გადაყვანილია 27 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ხუთ საკარანტინო სივრცეში მყოფი 87 ადამიანიდან ცხრა პირი ოზურგეთიდან გადაიყვანეს.
ისინი მარნეულის მცხოვრებლები არიან. საკარანტინო სივრცეში რჩება ერთი არასრულწლოვანი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა საკარანტინო სივრცე უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და სპეციალური აღჭურვილობით.
თითოეულ პაციენტზე მიმდინარეობს დაკვირვება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოდიშარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ფოთის საავადმყოფო იქნებიან მობილიზებული 40 ადგილით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.