სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგია გააცნეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა, ლევან შონიას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამოცემული საიუბილეო მედალი გადასცა, რომელიც სულ ათი ცალი გამოიცა.
გუბერნატორთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილებს დეპარტამენტრის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.
აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ყველა დაინტერესებულ პირს, თვითმმართველობების და ბიზნესის წარმომადგენლებს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, როცა სადავო საკითხი იქნება დასაზუსტებელი, მასში ენათმეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ და მიაწვდიან მოსაზრებას, როგორ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ქართულად რომელიმე ბრენდი და სასტუმროს დასახელება.