გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა
გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, – ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ენის დეპარტამენტი ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, რომელიც სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვას ემსახურება.

“ვფიქრობ, რომ დიდი სამუშაო გველოდება წინ. ამაში მთელი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს, ეს არის უნიკალური ენა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და ბუნებრივია, რომ ჩვენ მას მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. ვფიქრობ, სათანადო ყურადღებას დავუთმობთ აფხაზურ ენას, ასევე ყურადღებას გავამახვილებთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ, რადგან წამოვიდა ისეთ თაობა, რომელმაც არ იციან მშობლიური ენა. ამოცანა ძალიან ბევრი გვაქვს. უახლოეს მომავალში უფრო დავაკონკრეტებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. აუცილებელად იქნება მემორანდუმის გაფორმება სხვადსხვა უწყებებთან, მათ შორის უნივერსიტეტებთან, ასევე ტელევიზიებთან, რადგან ჟურნალისტებს განსაკუთრებული მისია გაკისრიათ ენის სიწმინდის დაცვაში, ჩვენი მომავალ თაობა სწორედ თქვენგან ისმენს ძალიან ბევრს”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც სახელმწიფო ენას არღვევს მათ მიეცემათ რეკომენდაციები.

ალიბეგაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ამოცანა არ არის სანქციები და ჯარიმები.

„მივცემთ მითითებას, თუ არ გაითვალისწინა და არ გამოასწორა, დავიჭერთ საქმეს მუნიციპალიტეტებთან, ან შესაბამის უწყებებთან. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ვიზუალურ მასალას, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ და ბუნებრივია, ჩამოვყალიბდებით, რა ფორმით ვაიძულებთ ქართული ენის კანონის დამრღვევს გადაცდომა გამოასწოროს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.