სამეფო ქორწილში დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას არ დაპატიჟებენ
სამეფო ქორწილში დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას არ დაპატიჟებენ

ბრიტანეთში 19 მაისს დაგეგმილ სამეფო ქორწილში, აშშ-ის მოქმედ და წინამორბედ პრეზიდენტებს არ დაპატიჟებენ. ასეთი გადაწყვეტილება, გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით, პრინცმა ჰარიმ დიპლომატიური სკანდალის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

The Daily Mail-ი წერს, რომ ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, სამეფო ოჯახი მას მოსაწვევს არ გაუგზავნის, რადგან ამ შემთხვევაში, ეტიკეტით მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპატიჟებაც სავალდებულო გახდება.

ეს კი ბრიტანული ტაბლოიდის ინფორმაციით, რომელიც საკუთარ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, პრინც ჰარის არ სურს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქორწინო ცერემონია მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის ლონდონში გაუქმებული ვიზიტის შესახებ, რომელიც თებერვალში აშშ-ის ახალი საელჩოს გახსნის ცერემონიისთვის უნდა შემდგარიყო.

მედია წერდა, რომ პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში მის ჩასვლასთან დაკავშირებით მასობრივ საპროტესტო აქციებს აარიდა თავი. თუმცა თავად დონალდ ტრამპის განმარტებით, მას არ მოსწონს ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც საელჩოს ძველი შენობა გაასხვისეს და სანაცვლოდ, გარეუბანში 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ნაგებობა ააშენეს.

პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.