„სამეფო კლუბი“ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით გამოდის. როგორც კლუბის დამფუძნებელი გია ბურჯანაძე აცხადებს, კონსტიტუციური მონარქია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია. გია ბურჯანაძის განცხადებით, ტახტზე ღირსეული მეფე უნდა ავიდეს.
„სამეფო კარზე არ იქნება წოდებები, გამორიცხულია. ის ვინც საუბრობს წოდებებზე და ყიდის წოდებებს, ყიდის მიწასაც. მათ უკვე მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია. არ გაითვალისწინეს გაფრთხილებები და შევიდნენ ერთმანეთთან უცნაურ კონკურენციაში. ზიანი მიაყენეს კონსტიტუციური მონარქიის იდეას და თავი, საბოლოოდ დაისამარეს“, – ამბობს გია ბურჯანაძე.
კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს კლუბი მეფედ, ბურჯანაძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა მინიშნებებას პრინც ხუან ბაგრატიონზე აკეთებს.
„მეფე იქნება და არის ადამიანი, ვისზეც 10 წლის წინ დავიწყე საუბარი. რადგან ჯერ მზად არ არის, მთხოვა, მისი ვინაობა არ გავამხილო. ის საქართველოში ახალი ჩამოსულია, ეცნობა ქვეყანას, დაქორწინდა და ამ ეტაპზე, მისი დასახელებით არ მინდა, ხელი შევუშალო. მის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის. იცის ვისზე ესაუბრება ესპანეთი მეფე, ვინ არის ესპანეთის მეფის პირველი ნათესავი საქართველოში“, – განმარტავს გია ბურჯანაძე.
გია ბურჯანაძის განცხადებით, მეფობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის რვა წლის ვაჟს, გიორგისაც ეკუთვნის, თუმცა ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ის 21 წლის იქნება. ამ ეტაპზე, „სამეფო კლუბი“ მას მეფობის კანდიდატად არ განიხილავს.
„ჩვენ დღეს გვჭირდება ცვლილებები, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. დავითის და ანას შვილი ვერ გამეფდება, რადგან არასრულწლოვანია“, – აღნიშნა გია ბურჯანაძემ.