ანჩელოტი - კაზემიროს ახალი გამოწვევები სურს, ჩვენ მისი გვესმის #1TVSPORT
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე კაზემიროს შესახებ ისაუბრა, რომელიც „იუნაიტედში“ გადასვლა აპირებს და მანჩესტერულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს. კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა „რეალიდან“ წასვლა და „მანჩესტერში“ თამაში გადაწყვიტა.
„მე ვესაუბრე კაზემიროს. მას ახალი გამოწვევები სურს. ჩვენ მისი გვესმის. მოლაპრაკებები გრძელდება, მაგრამ კაზეიმირომ ნამდვილად გადაწყვიტა „რეალის“ დატოვება“, – განაცხადა „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და 30 წლის ფეხბურთელის ხელფასი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 413 ათასი ევროთი (კვირაში) განისაზღვრა. ტრანსფერის ზუსტი თანხა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ევროპულ პრესაში წერენ, რომ გარიგება 60+10 მილიონს ევროს მიაღწევს.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში კაზემირომ სულ 336 მატჩი გამართა, გაიტანა 31 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.