სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს
სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ (100 000 ქულამდე), სახელმწიფო სარეზიდენტო მომზადებას სრულად დაუფინანსებს. ამასთან, გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. ეს სპეციალობებია: პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია. ცვლილებებს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ითვალისწინებს.
პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.
ქვეყნის მასშტაბით ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები 11 ივნისს დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ.
რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს.
სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.