სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება
სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.
ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.
ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.
ცვლილებების ინიციატორთა განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.