სამების ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება
ინდოეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემულ სიწმინდეს – წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დღეს, 14:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სამების ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის სამადლობელ პარაკლისს. ვისთვისაც ძვირფასია საქართველოსთვის წამებული წმინდა დედოფალი და მნიშვნელოვანია მისი წმინდა ნაწილის სამშობლოში დაბრუნება, სასურველია დაესწროთ წმინდა ნაწილის საზეიმო გადაცემას“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელმაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.
„ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.
საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.
მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე.
ჩვენ შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთმხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.