სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა
დღეს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. „აფხაზეთის დღე“ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დაადგინა და მას შემდეგ ყოველი წლის 23 მაისს აღინიშნება. 23 მაისი ასევე წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.
სამების ტაძრის ტერიტორიაზე შენდება მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი, სამი ტრაპეზით – მოციქულ სვიმონ კანანელის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. მოწამე ვასილისკოსის.
როგორც ცნობილია, ტაძრის მშენებლობა ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება.
აღინიშნა, რომ „ტაძარი შენდება 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას, სადაც აღვლენილ იქნება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის განსანათლებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად“.
სამების საკათედრო ტაძარში წირვასა და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები.