სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს [ფოტო]
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 712 ჩვილი გახდება. ნათლობის ცერემონია, პანდემიიდან გამომდინარე, წელს პირველად ღია ცის ქვეშ იმართება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობები გადაეცემათ.
როგორც მამა შალვა კეკელიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
„ტარდება პატრიარქის ნათლობების მორიგი ეტაპი. 2008 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 41 ათასამდე ბავშვია მონათლული. სხვა ნათლიებთან ერთად, ამ ბავშვების ნათლია ხდება კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეპოქალური ადამიანი. პატრიარქის 41 ათასი ნათლული არის ძალიან დიდი ძალა ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ასევე ერთმანეთისთვის. ეს ბავშვები, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, შეიძლება ბევრი ისეთი პრობლემა არ წარმოიშვას, რომელიც დღეს გვიდგას ქვეყანაში. თუნდაც ახალგაზრდების მხრივ, დაპირისპირება, გაუგებრობა. იმ ფაქტმა, რომ ისინი პატრიარქის ნათლულები არიან, შეიძლება, დაპირისპირებასაც გადაარჩინოს ეს ახალგაზრდები. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები ერთმანეთში ძალიან ბევრ სიყვარულს დათესავენ“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.