სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
მართლმადიდებელი ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
ტაძრებში გასულ საღამოს უკვე აკურთხეს ბზა. მრევლი წირვაზე სწორედ ბზის ტოტებით და ანთებული სანთლებით დგას.
როგორც საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა თეოდორე გოგოლაძემ აღნიშნა, მარადმწვანე მცენარე ამ დღესასწაულის განსაკუთრებული სიმბოლოა.
„ეს სახარებისეული ეპიზოდის განსახიერებაა, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულისთვის იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები მას ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელს და პალმის რტოებს უფენდნენ. ბზას წირვის შემდეგ მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ”, – აღნიშნა დეკანოზმა.
ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას მოსაყდრესთან და მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.