სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში საგამოცდო შტრიხკოდების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ნაწერების ამოსაცნობად სტუდენტები დაიბარეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო შტრიხკოდების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ლექტორებმა კი სტუდენტები საკუთარი ნაწერების ამოსაცნობად დაიბარეს.
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მესამე კურსის სტუდენტებმა ორ გამოცდაში ტესტები 15 ივნისს დაწერეს. რამდენიმე დღის წინ კი დეკანატიდან დაახლოებით 44 სტუდენტს დაუკავშირდნენ და განუმარტეს, ისინი უნივერსიტეტში უნდა მისულიყვნენ. სტუდენტებს განუმარტეს, რომ გასწორების დროს ტესტებზე დამაგრებული შტრიხკოდი ვერ ამოიცნეს.
როგორც სასწავლებელში განმარტავენ, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ერთ ფაკულტეტზე შეიქმნა.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი პირველ არხთან ამბობს, რომ მათ გამოცდებისთვის შტრიხკოდები შეიძინეს.
მისი განმარტებით, ტესტებზე კოდების დამაგრების შემდეგ, სავარაუდოდ ხელის გადასმით დაზიანდა.
როგორც რექტორი განმარტავს, დაზიანების გამო სპეციალურ აპარატს, რომელსაც სტუდენტის იდენტიფიცირება უნდა მოეხდინა, შტრიხკოდების ამოკითხვა გაუჭირდა.
„განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მესამე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნაწერები ამოიცნეს, ამიტომ საგნის განმეორებითი ჩაბარება აღარ მოუწევთ. აღნიშნულ ფაკულტეტზე სულ 500 სტუდენტია, აქედან პრობლემა მხოლოდ ერთი ჯგუფის 44 სტუდენტს შეექმნა”, – განაცხადა რექტორის მოადგილემ.