სამართალდამცველებმა ნაძალადევში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას მამინაცვალიც დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის მეუღლე არკადი ძავაშვილი დააკავეს.
როგორც სამართალდამცავ ორგანოში განმარტავენ, ძავაშვილი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. არკადი ძავაშვილი გარდაცვლილი მცირეწლოვნის მამინაცვალია.
ოთხი წლის გოგონა სანზონაში თებერვალში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე დაკავებულია ლელა ქსოვრელი. თავდაპირველად ის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების ფარგლებში მას დამატებითი ბრალდება წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ოთხი წლის ბავშვს დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა. მის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ლელა ქსოვრელის დაკავების შემდეგ, გამოძიება ასევე დაიწყო გარდაცვლილი გოგონას ხუთი წლის ძმის ლ.ქ-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. ეს საქმე ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი. ქსოვრელის მეუღლე უარყოფდა ძალადობას, როგორც გარდაცვლილის, ასევე მეორე ბავშვის მიმართ, თავად ქსოვრელი კი, არც ერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა. ბავშვის გარდაცვალებას ისინი უბედურ შემთხვევას უწოდებდნენ. ქსოვრელის მეუღლე ამბობდა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მისი ტირილის ხმა კი მეზობლებს ბანაობის დროს ესმოდათ. სწორედ ცალკე წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოხდა ქსოვრელის მეუღლის არკადი ძავაშვილის დაკავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
საგამოძიებო ორგანო საქმის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.