სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევის ოლქზე სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა
რუსეთის მიერ კიევის ოლქზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.
იერიშის შემდეგ გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულებიც. ანდრეი ნებიტოვმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც, მისივე თქმით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლები ჩანს. ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უშუალოდ ქალაქ კიევში, სადაც დღეს ასევე აფეთქების ხმა გაისმა, ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, მანამდე კიევში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იერიშის დროს კიევში იმყოფებოდა ოფიციალური დელეგაცია აფრიკიდან, რომელსაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ცნობით, დელეგაციის წევრები სარაკეტო დარტყმის მაუწყებელი განგაშის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კიევსა და კიევის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.