სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ

სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ, რომ ისინი ბლოკავენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდებენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ.

„მოქალაქეებო, თქვენ ბლოკავთ პარლამენტის შესასვლელს. მოგიწოდებთ, გადაბრძანდეთ პარლამენტის წინ. თქვენ გაქვთ ხუთი წუთი“, – მიმართავენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლით.

ამასთან, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სიტყვით გამომსვლელებმა, ბაია პატარაიამ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ მოუწოდეს, გადასულიყვნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან და დაეკავებინათ მნიშვნელოვანი პოზიციები.