სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დედაქალაქის ყოფილმა მერმა გაიმარჯვა
სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დედაქალაქის ყოფილმა მერმა, კონსერვატორმა და ანტიკორუფციონერმა, ნაიიბ ბუკელემ გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50%-ის დათვლის შემდეგ, ბუკელემ 53% მიიღო. სალვადორის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები 31% და 13%-ით მეორე და მესამე ადგილებზე არიან.
ბუკელეს პირველსავე ტურში გამარჯვება ნიშნავს, რომ სალვადორში რამდენიმეწლიანი ორპარტიული მმართველობა დასრულდება.
ნაიიბ ბუკელე სან-სალვადორს 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა და ანტიისტებლიშმენტური განწყობის პოლიტიკოსადაა ცნობილი. შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების აქტივობის გამო, სალვადორში მკვლელობების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. შეიარაღებული ჯგუფების, კორუფციისა და სიღარიბის გამო, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის. სალვადორელთა უმრავლესობა აშშ-ში მოხვედრას ცდილობს.