სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დედაქალაქის ყოფილმა მერმა გაიმარჯვა
სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დედაქალაქის ყოფილმა მერმა გაიმარჯვა

სალვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის დედაქალაქის ყოფილმა მერმა, კონსერვატორმა და ანტიკორუფციონერმა, ნაიიბ ბუკელემ გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების თითქმის 50%-ის დათვლის შემდეგ, ბუკელემ 53% მიიღო. სალვადორის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები 31% და 13%-ით მეორე და მესამე ადგილებზე არიან.

ბუკელეს პირველსავე ტურში გამარჯვება ნიშნავს, რომ სალვადორში რამდენიმეწლიანი ორპარტიული მმართველობა დასრულდება.

ნაიიბ ბუკელე სან-სალვადორს 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა და ანტიისტებლიშმენტური განწყობის პოლიტიკოსადაა ცნობილი. შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების აქტივობის გამო, სალვადორში მკვლელობების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. შეიარაღებული ჯგუფების, კორუფციისა და სიღარიბის გამო, მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის. სალვადორელთა უმრავლესობა აშშ-ში მოხვედრას ცდილობს.