სალვადორის ყოფილ პრეზიდენტს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. ანტონიო საკამ ბრალი აღიარა. საქმე ეხება 300 მილიონი დოლარის ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებას.
როგორც თავად ექსპრეზიდენტმა აღიარა, მან თანხა საკუთარი პარტიიდან და ბიუჯეტიდანაც მოიპარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საკა სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი წელი მას ბიუჯეტის გაფლანგვისთვის, ხოლო ხუთი ფულის გათეთრებისთვის მიუსაჯეს.
სალვადორის ყოფილი ლიდერის გარდა, ამავე საქმეზე მისი თანაგუნდელებიც გაასამართლეს. მათ სამიდან 16 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
ანტონიო საკა სალვადორს 2004-დან 2009 წლამდე მართავდა.