სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები ორდენებით დააჯილდოვა.

ზურაბიშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ არა მხოლოდ მედლები, არამედ ხალხის სიყვარულიც დაიმსახურეს.

მისივე თქმით, ახალგაზრდები მათგან პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის მაგალითს ელოდებიან.

„დღეს ერთად შევიკრიბეთ და უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატება, ერთად გავიზიაროთ ეს დიდი სიხარული, რომელიც მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს, გადავცეთ მათ სახელმწიფო ჯილდოები, რაც ასახავს ქვეყნის დაფასებას, ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას. თქვენი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიგო საქართველოს სახელი და დაინახა ჩვენი ქვეყნის სახე. ჩვენი სპორტსმენების შედეგები ადასტურებს, რომ რიცხობრივად უფრო დიდ ქვეყნებსაც შესაძლოა, გავუტოლდეთ, თუკი ვიქნებით შემართებით, თავდადებით, პროფესიონალიზმით, მიზანმიმართული დაუღალავი შრომით და ერთობით.

ჩვენ ამ წელს ევროპიდან მივიღეთ სერიოზული შედეგი და დიდი იმედი. ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება, არამედ ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.

ალბათ, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად ზეიმობს, ერთად დგას. ეს არის სპორტის უდიდესი ძალა – ადამიანები გაახაროს და გააერთიანოს, ასეც მოხდა. ერთობა იმაშიც გამოჩნდა, როცა ჩვენმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა გვაჩვენეს, რომ გამარჯვება არ არის ფიზიკური შესაძლებლობების საზღვრებში მოქცეული. დღეს ამიტომ მინდოდა, ერთობლივად გვეზეიმა მათი გამარჯვება. სამაგალითოცაა – მაგალითი ინკლუზიურობის და თანასწორობის. სწორედ ესაა ძალა საზოგადოების, რომელიც არ ეპუება არც დისკრიმინაციას, არც დაყოფას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახალხო ზეიმი არის მთავარი დასტური იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, თუ არსებული პოლარიზაციისა მაინც შეგვიძლია, ერთად გვიხაროდეს. ამით საზოგადოება საკუთარ ძალას და ღირსებას ავლენს.

და თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოებით და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ თქვენი ცხოვრებისა და შემდეგი გამარჯვებების გზაზე ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. და კიდევ, ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელოდებიან, მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის.

მინდა, სულით და გულით ყველას მოგილოცოთ და აქ შეკრებილ საზოგადოებას მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, დიდი სიხარული, დიდი სიყვარული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.