სალომე ზურაბიშვილი - ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და მოსახლეობას
ენგურიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ენგურზე დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაასრულა.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესი და პასუხისმგებლობაა.
„ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი. საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში, უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არა ნაკლებად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას. ვიმედოვნებ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. რეჟიმი 26 ნოემბრის 15:00 საათიდან, 2019 წლის 25 იანვრის 15:00 საათამდე გაგრძელდება.