სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გავლილი გვაქვს ომები, ოკუპაციები, როდესაც ჩვენს პარტნიორებს მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სანდო პარტნიორი, უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა 
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გავლილი გვაქვს ომები, ოკუპაციები, როდესაც ჩვენს პარტნიორებს მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სანდო პარტნიორი, უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა 

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა ამ ძალიან რთულ პერიოდში. პირველად, 12 წლის შემდეგ შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში და ასეთ ვიზიტს ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელია, რომ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის, დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში,  რაც ხდებოდა ამ დილით, ის  უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენობის წინააღმდეგ. კიევის დაბომბვა, ასეთი უმკაცრესი ქმედებები მოქალაქეების წინააღმდეგ – ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთვის, ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის. რუსეთის აგრესია არის ერთი მხრივ  არა დღევანდელი დღის ამსახველი, არამედ ანაქრონიზმი, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომებისა და ტოტალიტარიზმის საუკუნე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

„უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს  ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ. არ შეიძლება, გაიმარჯვოს უსამართლობამ, არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია. კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხებათ ჩვენ მოქალაქეებს და ეს არის მათი ყველანაირი უფლების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის.

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინისა და ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ომმა მსოფლიოს რუსეთის რეალური სახე დაანახა.

„განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულიად უერთდებიან. უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვევა არის დღევანდელ დღე, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.

ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ჩვენი პარტნიორები უყურებდნენ რუსეთს სხვა თვალით და მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მათთვისაც სანდო პარტნიორი ამ ქმედებების მიუხედავად. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა, თუ რა არის რეალური სახე რუსეთის აგრესიის და რუსეთის იმპერიალური ხედვის, ქცევის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.