სალომე ზურაბიშვილი - საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ უძილო ღამეს
საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ უძილო ღამეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი გუნდის, ჯარისკაცების, უკრაინელი ხალხის თავდადებით.
„საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცებისა და მთელი მისი ერის მამაცობის, თავდადების გაკვეთილებით“, – წერს ზურაბიშვილი და აზიარებს ფოტოს უკრაინის მხარდამჭერი აქციიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ჯარისკაცებსა და უკრაინელ ხალხს მიმართა, რა დროსაც განაცხადა: „ამ ღამით მტერი გამოიყენებს ყველა ხელთ არსებულ ძალას, რათა გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა – მუხანათურად, სასტიკად და არაადამიანურად. ამ ღამით ისინი შტურმზე წავლენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება“.