ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი გამოიყენებს ყველა ხელთ არსებულ ძალას, რათა გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა, ამ ღამეს უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი გამოიყენებს ყველა ხელთ არსებულ ძალას, რათა გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა, ამ ღამეს უნდა გავუძლოთ, უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება

ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად ყველა ფრონტზე. ვიბრძვით როგორც ძალით, ისე დიპლომატიურ ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი აქვს სხვადასხვა მსოფლიო ლიდერთან, რათა მიიღოს მეტი პასუხები, კიდევ რა მხარდაჭერას უნდა ელოდოს უკრაინა მათგან.

ზელენსკიმ დახმარებისა და თანადგომისთვის ყველა ლიდერს მადლობა გადაუხადა.

„დღეს იყო მძიმე, თუმცა მამაცი დღე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად ყველა ფრონტზე. ვიბრძვით როგორც ძალით, ისე დიპლომატიურ ფრონტზე. უფრო მარტივია იმის ჩამოთვლა, რომელ მსოფლიო ლიდერთან არ მისაუბრია, ჩვენ ამას ვაგრძელებთ. დღეს საუბარი მქონდა პრეზიდენტ მაკრონთან, შოლცთან, რუტესთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენთან, აშშ-ის პრეზიდენტთან. ვუთხარი, კიდევ რა პასუხს ელოდებიან უკრაინელები დასავლეთისგან ამ აგრესიაზე და შევუთანხმდი ახალ დახმარებაზე, ახალ მხარდაჭერაზე, ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დახმარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, ცალკე მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე ამბები მეგობარი საქართველოდან. მინდა, მადლობა გადავუხადო კეთილ, მშვენიერ ქართველ ხალხს, რომელიც გავიდა თავისი ქვეყნის ქუჩებში და მხარი დაუჭირა უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ. მადლობა. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ბრძოლის დასრულება. მტრის დანაკარგი ძალიან, ძალიან სერიოზულია. ეს არის ასობით მოკლული სამხედრო, რომლებმაც ჩვენი საზღვარი გადმოკვეთეს და ჩვენს მიწაზე გადმოვიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს დანაკარგი. უკრაინელები გმირულად უწევენ წინააღმდეგობას აგრესიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ აგრესიის გამართლება შეუძლებელია, ამიტომ ოკუპანტები იგონებენ აბსურდულ ბრალდებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრალდებები არაობიექტურია, მათ არავინ დაუჯერებს. არ დაიჯერებენ უკრაინელები, არ დაიჯერებს მსოფლიო, არ დაიჯერებენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. უბრალოდ არ არსებობს და ვერ იარსებებს ისეთი სიმართლე, რომელიც ახსნის, თუ რატომ უხსნიან ცეცხლს რეაქტიული არტილერიიდან საბავშვო ბაღებს და საცხოვრებელ სახლებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ეს ღამე იქნება რთული.

„ამ ღამით მტერი გამოიყენებს ყველა ხელთ არსებულ ძალას, რათა გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა – მუხანათურად, სასტიკად და არაადამიანურად. ამ ღამით ისინი შტურმზე წავლენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება“, – განაცხადა ზელენსკიმ და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. მათ, კი ვისაც შეუძლია თავდაცვის ძალების დახმარება, სთხოვა, შეაჩერონ მტერი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

„ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, მაგრამ იქნება დილა. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.