სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა, ვინც ამით სპეკულირებს, ფსონს დებს ქუჩაში გამოსვლასა და დესტაბილიზაციაზე 
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა, ვინც ამით სპეკულირებს, ფსონს დებს ქუჩაში გამოსვლასა და დესტაბილიზაციაზე 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.

„მართალი თუ ტყუილი – ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ, გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას. ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, სამართლიან არჩევნებზე არ ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება. მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს, დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე.

კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს, არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარი მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუ ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო, მჯერა, არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიღაც ქუჩასა თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგისა და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ. ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შსს-ს ინფორმაციით, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.