სალომე ზურაბიშვილი - მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან
მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა, არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც სხვადასხვა მიზეზით აქვს.
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული, ახალი დაპირისპირება“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აბასთუმანში იმყოფება.
გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.
ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.
ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა.