სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება
ვაკვირდები და ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სანამ საკითხში პროკურატურა და სასამართლო არის ჩართული, პრეზიდენტის კომენტარი ჩარევას წარმოადგენს.
„თუ არ ვცდები, ბრალდება წაეყენათ გუშინ. მესმის, რომ სხვდასხვა ოპოზიციური პარტია, თუნდაც არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის, ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს კარგად გაიგოთ უნდა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, კომპეტენცია კი არა, ნუ შეგეშლებათ, უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა არის ჩართული, ან სანამ სასამართლო არის ჩართული, პრეზიდენტისგან ამაზე კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ გადასცეს.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.