სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რვა ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს.
„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვეყანას, ვინც ეს განცხადება მიიღო გაერო-ში, ან ცალკე „ტვიტერზე“ გამოგვეხმაურა; ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მადლობა ყველას! ეს იმის ნიშანია, რომ არც ჩვენ და არც მსოფლიო ამას არ ეგუება და მსოფლიო საქართველოს გვერდით დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოს და რომლებიც ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე გადაიტანს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რასაც მოგვიანებით, აღნიშნული 8 ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.