აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ
აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რასაც მოგვიანებით, აღნიშნული 8 ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

„გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ელჩი საუტერი მოუწოდებს რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და დაიცვას 6 პუნქტიანი გეგმა. უკვე დიდი ხანია, დროა, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება შეასრულოს. მან თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს “, – ვკითხულობთ გაერო-ში გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებაში.

„ამ კვირაში რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი სრულდება. ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ირლანდია ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად იქნა მიღწეული და ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააორმაგონ ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში“, – წერს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლობა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან 12 წლისთავზე ერთობლივ განცხადებაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რვა მოქმედი და ორი ახალი წევრი მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ გაერო-ში ბელგიის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებაში.

„ამ კვირაში რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 12 წელი სრულდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ვკითხულობთ გაერო-ში ესტონეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

გარდა ამისა, ვრცელდება გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, გერტ აუვარტის განცხადებაც: „ბოლო პერიოდში, საქართველოს წინააღმდეგ მზარდი პროვოკაციული ქმედებები ვიხილეთ. ეს მთელ რეგიონში უსაფრთხოების უფრო მყიფე ვითარებას გულისხმობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების იმპლემენტაცია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, ასევე ახალი წევრების, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.